ჩემ შესახებ

   მასწავლებელი მუდამ მაძიებელი და სიახლეებზე ორიენტირებული უნდა იყოს!!! არ უნდა კმაყოფილდებოდეს მის ხელთ არსებულითა და აწ უკვე მიღწეულით. აქტიურად უნდა ერთვებოდეს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. უნდა იყოს მიზანსწრაფული და სჯეროდეს საკუთარი ძალების. ჩემი მუშაობა სწორედ ამ პრინციპს ემყარება და შესაბამისად ვცდილობ, რომ აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა ტიპის საგნობრივ, თუ არასაგნობრივ აქტივობებში. ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა:


   მართალია არცერთ შემთხვევაში გამარჯვებული არ ვყოფილვარ, თუმცა ვთვლი, რომ მთავარი მაინც მონაწილეობა და საკუთარი თვითრწმენის ამაღლებაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ხვალინდელი წარმატებისთვის ბრძლოა იწყება დღეს!!! გისურვებთ წარმატებებს თქვენც. 

-----------------------------------------------------

სტუმრად ტელეკომპანია ,,ობიუექტივის" პირდაპირ ეთერში.



-----------------------------------------------



,,ჩემი პროფილი“
1.    შეხედე საკუთარ თავს და თქვი რამდენ წელს მისცემდი
-             ჩემი გარეგნობა ზუსტად პასუხობს ჩემს ასაკს
2.    მოითმინო წარუმატებლობა ან არასოდეს გამოსცადო ის? აირჩიე უფრო ცუდი ვარიანტი?
-             ვფიქრობ წარუმატებლობა არის ერთგვარი მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მთავარია იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის ნათელი მაგალითია სოლომონ ბრძენის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მან ბეჭდის შიდა მხარეს დააწერინა ,,ესეც გაივლის“. მთავარი არ წაიქცე და არ დანებდე. წარმატება ხომ ბრძოლით მიიღწევა. ბრძოლაში კი მარცხდებიან კიდეც.
3.    თუ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს და არა ის, რაც მოგვწონს?
-             საქართველო სტერეოტიპებისა და დოგმების ქვეყანაა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც უამრავი სტიგმა არსებობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომაც ზოგჯერ ვცდილობთ ანგარიში გავუწიოთ სხვათა შეხედულებებს და არ გავაკეთოთ ის, რაც შესაძლოა შეეწინააღმდეგოს საზოგადოებრივ აზრს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა აკეთო ის, რაც სურს, მთავარია ეს სურვილი არ ლახავდეს სხვების ღირსებებს.  ვთვლი, რომ ჩემი დემოკრატია მთავრდება იქ, სადაც ილახება სხვისი უფლება, ამიტომაც  დღემდე ისე მიცხოვრია, რომ უხეშად არასდროს გადამიკვეთია სხვისი ,,ქუჩა“.  ვფიქრობ ის უნდა ვაკეთოთ, რაც მოცემულ მომენტში უკეთესია ჩვემთვის. საზოგადოებრივი აზრი კი მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი ის არ ბოჭავს შენს სურვილებს, მიდრეკილებებს, თუმცა ვიმეორებ უნდა მოხდეს ამ სურვილების გაფილტვრა, რათა არ დაზარალდეს სხვა. მგონია, რომ თუკი მხოლოდ საზოგადოების დაკვეთით ვიმოქმედებთ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენ და ვიქნებით  სხვადასხვა ნაწილაკებისგან შემდგარი ფიტული, რომელსაც არ შესწევს უნარი იმოქმედოს საკუთარი პიროვნების კარნახით.
4.    სამუშაოს დასრულების შემდეგ დაფიქრდი, რა იყო უფრო მეტი: საუბრები არაფერზე, თუ საქმე?
-             გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან გააჩნია სიტუაციას, სამუშაოს ტიპს, განწყობასა და მონდომებას. არის შემთხვევები, როცა კმაყოფილების ზენიტში ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილებისა და უუნარობის მომენტებიც.
5.    თუ გექნებოდა შანსი შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ის?

-           რაც არ უნდა მომენდომებინა ვიცი ამას მაინც ვერ შევცვლიდი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
6.    წარმოიდგინე, რომ  ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?
-             არ ვეცდებოდი გამდიდრებას. თითოეული კუპიურით გავიხალისებდი ცხოვრებას და დადებითი განწყობის შენარჩუნების მიზნით ხელფასიდან-ხელფასამდე ერთ ბედნიერებას აუცილებლად შემოვინახავდი გულის ჯიბეში. გავხსნიდი სიყვარულის, მეგობრობისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობების წამახალისებელ ცენტრს, სადაც ადამიანებს დაეხმარებოდნენ როგორც ფსიქოლოგები, ისე სასულიერო პირები, რომლებიც იმუშავებდნენ სიყვარულის განმტკიცების მიმართულებით. გასამრჯელოდ მიღებულ თითოეულ ბედნიერებას საჩუქრად გადავცემდი თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც ღია ცის ქვეშ ხელგამოწვდილს დავინახავდი,რათა ჩემ მიერ გაღებული თითოეული ბედნიერება ყოფილიყო მათი და ჩემი შინაგანი ბედნიერების მიზეზი.
7.    შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო ის, რასაც აკეთებ?
-             მჯერა, რომ რასაც ვაკეთებ საჭირო საქმეა. მჯერა, რომ საქმეს, რომელსაც ხელი მოვკიდე აუცილებლად აქვს არსებობის უფლლება და ცხადია საქმე, რომელსაც ვაკეთებ შემიძლია თავდაჯერებით ვაკეთო.
8.    დავუშვათ ადამიანი 40 წელს ცოცხლობს. რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?
-             39 წლის ასაკში ამ კითხვას ალბათ უკეთეს პასუხს გავცემდი. ალბათ იმიტომ, რომ გაცილებით მეტი შეცდომა მექნებოდა დაშვებული,  თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, თუკი მოვლენებს გავუსწრებ, მაშინ ვიტყვი რომ გაცილებით მეტი სიყვარულის უფლებას მივცემდი საკუთარ თავს, რადგან ეს ის არის, რაც დღეს ძალიან გვაკლია ადამიანებს. ვერ ვიტყვი, რომ არის რაღაც, რასაც აუცილებლად შევცვლიდი, რადგან ვთვლი, რომ ჩემს პიროვნებს არ გაჩნია ის მხარე, რომელიც მას პრობლემებს უქმნის ან ხელს უშლის ურთიერთობებში თუ საქმიანობაში.
9.    რამდენად აკონტროლებთ ყველა იმ მოვლენას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება?
    -ვცდილობ მოვლენები აღვიქვა ისე, როგორც ისინი რეალურად არსებობენ და მათი შეფასებისას არ ვაძლევ თავს უფლებას ვარაუდები დავშვა. მოვლენები აუცილებლად უნდა არსებობდნენ. სასურველია დადებითი ემოციების მატერებელი მოვლენები ჭარბობდეს, თუმცა უარყოფით მოვლენასაც აქვს დადებითი მხარე, რამეთუ ტკივილები ადამიანს პიროვნულად ჩამოყალიბებაში და განმტკიცებაში ეხმარება. ღმერთი არ დაუშვებს ისეთ მოვლენას, რომლის ატანაც ადამიანს არ შეუძლია. მთავარია თვითკონტროლი და სიმშვიდი შენარჩუნება.
   10. სასადილოდ ნაცნობებთან ერთად წახვედით. მოულოდნელად ისინი იწყებენ თქვენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას და არ იციან, რომ ის შენი მეგობარია. როგორ მოიცეოდით?
    - დანამდვილებით შემიძლია ვთვქა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი სუბიექტური და არ გავუსვამდი ჩემი მეგობრის დადებით მხარეებს ხაზსს ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ ჩემი მეგობარია არ ნიშნნავს, რომ საუკეთესოა. ბოლომოდე მოვუსმენდი მათ  და მხოლოდ ამის შემდეგ  გავაცხადებდი ჩემს ნაცნობობას კრიტიკის ობიექტთან. აუცილებლად შევაფასებდი რეალობას ობიექტურად და აუცილებლად დავდგებოდი სიმართლის მხარეზე, თუმცა რადგან კითხვაში სჩანს, რომ მეგობარს უსამართლოდ აკრიტიკებენ, აუცილებლად დავინტერესდებოდი საქმის არსით და განვაცხადებდი, რომ მსგავსი ქმედებები ჩემს მეგობარში არასდროს შემიმჩნევია. ბოლოს კი ვთხოვდი მისი შეფასებისას კორექტულები ყოფილიყვნენ, რათა გული არ ეტკინათ ჩემთვის.
11.  დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?
   -აუცილებლად შევეცდებოდი შევწინააღმდეგებოდი კანონს
12.  რით განსხვავდებით სხვა ადამიანებისგან?
   -მაქვს ჩემი ცხოვრება და არასდროს განვიხილავ სხვისას. მიყვარს ყველანაირი ადამიანი და არასდროს ვაკეთებ შეფასებებს მათი მისამართით.  ხელები, რომელიც დღეს სუფთა მაქვს, ხვალ შესაძლოა ლაფით დამესვაროს. შესაბამისად არავინ ვიცით წინ რა გველოდება და როგორები ვიქნებით. ვფიქრობ, რომ სიყვარული შემიძლია და მიყვარს ყველა, რასის, სქესისა თუ სტატუსის მიუხედავად. ცუდი ადამიანი არ არსებობს, ეს უბრალოდ ცუდი გარემო ანიჭებს მას სტატუსს. ვფიქრომ სწორედ ასეთ ადამიანს სჭირდება სიყვარული.
13. გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია. რას ელოდები?
   -ვოცნებობდი წარმატებული მომღერალი ვყოფილიყავი დ გულშემატკივართა არმია მყოლოდა, თუმცა ოცნება-ოცნებად დარჩა. ამ კუთხით რაფერს ველოდები და ვფიქრობ, რომ ბოლომდე მსმენელი დავრჩები.
14. შენც იმ აზრზე ხარ, რომ დროა მალე გაგიშვან?
 - არანაირად. მე ახლა მოვედი და ახლა ჩემი დროა.
15.  თუ შემოგთავაზებდნენ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლას, სად და რატომ წახვიდოდი?
   -სამუდამოდ არსად წავიდოდი, რადგან საყვარელი ადამიანების გარეშე ბედნიერება ფასს დაკარგავდა.
16.როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად რამდენჯერმე აჭერთ მართლა გჯერათ, რომ ლიფტი ასე უფრო მალე ამოვა?
    -არა. ვიცი, რომ ღილაკზე  თითის რამდენჯერმე დაჭერა ლიფტს უფრო სწრაფად არ ამოიყვანს, თუმცა ზოგჯერ  ვფიქრობ, რომ შესაძლოა ერთჯერ ან ორჯერ დაჭერით მოთხოვნა არ დაფიქსირდეს და ამიტომაც ვცდი რამდენჯერმე.
17. რომელს ისურვებდი რომ იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?
-ბედნიერი სულელი, რადგან სულელსაც თავი გენიოსი ჰგონია.
18.  რატომ? ეს შენ ხარ?
-უბედურიც ვყოფილვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ დროს თავს გენიოსად ვგრძნობდი
19. ისურვებდით ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხართ?
-დიდი სიამოვნებით. ცოტა შემშურდებოდა კიდეც მისი სიმშვისისა და მოთმენის უნარის.
20. რა უფრო უარესი იქნება:  თქვენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს, თუ ის ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტოთ ურთიერთობა?
   -მისი სამუდამოდ წასვლა ნიშნავს, რომ თვალთახედვის არენიდანაც სამუდამოდ გაქრება. დაე იყოს აქ და შევხედო მაინც.
21.  ყველაზე მეტად რის გამო ხართ  სამყაროსადმი მადლიერი?
-არსებობით.
22. რომელს აირჩევდით: თქვენი ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?
  -ამნეზიის ფორმას გააჩნიაJ თუკი დღეს თავი მოვიკალი ხვალ ვერასგზით ავდგები. მოგონებებს ვირჩევ, თუმცა ბევრი რამ ზედმეტ ადგილს იკავებს ჩემს მეხსიერებაში.
23. შესაძლოა სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?
   - გააჩნია ადამიანს, ვისთანაც სიმართლეს არკვევ და გააჩნია ქვეყანას, სადაც სამართალს ეძებ, თუმცა ცივილურ პირობებში ცხადია სიმართლის დანახვა არცთუ ისე რთულია.
24. თქვენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გახდა?
   -ირეალურ სამყაროს არც არავინ მთავაზობს. იმ რეალობიდან მოვდივარ, რომელშიც დავიბადე, გავიზარდე და აწ უკვე მასთან შეჩვეულს მისი ნამდვილად არ მეშინია.ჩემს რეალობას თავადვე ვქმნი და  საკუთარი თავის კი არასდროს შემშინებია.

25. გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული? ეხლა აქვს მას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა?
   -ბრაზი დიდ ხანს არ მიმყვება. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან არასდროს გავბრაზებულვარ და რომც გავბრაზებულიყავი დარწმუნებული ვარ დღეს მას არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა ჩემთვის.
26. რა არის შენი ყველაზე ბედნიერი მოგონება?
   -განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება, თუმცა იყო რაღაცეები, რაზედაც დღეს მეღიმება ან სევდა მიპყრობს ხოლმე.
27.წარსულში ჩადენილმა რა ქმედებამ, თუნდაც 1 წამით გაგრძნობინა, რომ შენ ადამიანი ხარ?
   -არ არის აუცილებელი გმირი იყო, ან შენი დადებითი ქმედებებიდან რომელიმე განსაკუთრებით გამოყო, რომ თავი ადამიანად იგრძნო. არ ვიცი რა გავაკეთე იმისთვის, რომ ეს სტატუსი მომეპოვებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ არაფერი გამიკეთებია საიმისოდ, რომ თავი არაადამიანი მეგრძნო.
28. თუ არა დღეს, მაშინ როდის?
-ხვალ ან ზეგ. არსად მეჩქარება
29. თუ ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასე არ არის?
-არ არის ასე. ყველაფერი რომ დაკარგო საკუთარი, თავი მაინც უნდა შეინარჩუნო
30. გქონიათ ისეთი შემთხვევა ვინმესთან, მტელი დრო უხმოდ გაგეტარებინოთ და ბოლოს მიმხვდარხართ, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო თქვენს ცხოვრებაში?
   -კი რამდენჯერმე ყოფილა, თუმცა იქვე მივმხვდარვარ, რომ მხოლოდ მე ვსაუბრობდი და მას არც კი მოუსმენია ჩემთვის.
31. რატომ არის რელიგია, რომელიც სიყვარულს ქადაგებს ამდენი ომების მიზეზი?
   -რელიგიური ომების მიზეზი არათუ რელიგია, არამედ საზოგადოებრივი სიბეცე და სიბრმავეა. რელიგია სიყვარულთან ერთად გონების სიცხადეს ქადაგებს, თუმცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი მარადიულ წყვდიადში იმყოფება და ვერ ეგუება განსხვავებულს. მიკვირს იმ ერთობისა და ბედნიერების, რომელიც სხვათა სისხლის ღვრის შედეგად მოიპოვება. ეს სამყარო ყველას იტევს. აქ ყველასთვის არის ადგილი. სიყვარული დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაღვივდეს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ღმერთი, მთავარია, რომ ის სიყვარულსქ ადაგებს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო ბევრნი იქნებიან მათნაირები მით უფრო დაფასებულნი იქნებიან ღვთის მიერ. არადა ღმერთი იმ სისასტიკესაც ხედავს, რომელსაც ომებში აქვს ადგილი. არ არის აუცილებელი მეზობელი ვაიძულოთ ჩვენდა დარად მწვანედ შეღებოს ჭიშკარი, რათა მამას დავუმტკიცოთ, რომ  ძლირები ვართ. მამა უამისოდაც გვიცნობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ მეზობლესაც ჰყავს მამა, რომელსაც არ მოსწონს მისი ღირსება აყრილი შვილი. სწორედ ეს არის არეულობისა და სისხლისღვრის მიზეზი. მეტი სიყვარული და სიცხადეა საჭირო.
32.შეიძლება დაუფიქრებლად უპასუხი რა არის კარგი და რა ცუდი?
-გააჩნია ადამიანის ღირებულებებს, რას, როგორი კუთხით უყურებს და აფასებს.
33.თუ ახლა წინ მილიონ დოლარს დაგიდებდნენ მიატოვებდით ახლავე სამსახურს?
   -არავითარ შემთხვევაში, რადგან საქმემ, რომელსაც ახლა ვაკეთებ საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა და მოომწონს. ჩემთვის სულიერი კომპფორტი და საკუთარი თავის რწმენა გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ღია ცის ქვეშ ჯდომა და  მილიონი დოლარი. ცხადია დიდი თანხა არ მაწყენს, რომელსაც მომგებიან საქმეში დავაბანდებ და იქნება დამატებითი შემოსავალი.
34. გაქვთ თუ არა შეგრძნება, რომ ეს დღე აქანდეც ერთხელ გამეორებულა?
   -მთელი დღის მოვლენები არ განმეორებულა, თუმცა დეჟავუ ხშირად მქონია, რა დროსაც ესა თუ ის დეტალი მთელი სიცხადით გაცოცხლებულა
35. თუ ყველა, ვისაც იცნობ ხვალ გარდაიცვლება, ვის ესტუმრები დღეს?
   -არავის არ ვესტუმრები.აქეთ მოვიყვან ყველას. დედაჩემს ვთხოვ დარეკოს სათითაოდ ყველასთან  და  აცნობოს მათ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ვითვლი და რომ მათი ნახვა მსურს.
36. გაყიდით თქვენი ცხოვრების ათ წელს მსოფლიო აღიარებაზე?
   -არაფერში მჭირდება მსოფლიო აღიარება.უსედაც კომფორტულად ვარ. ჩემი ცხოვრების ერთი დღე მირჩევნია საჯარო აპლოდისმენტებს.
37. არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?
   -არა. მათ შორის განსხვავებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც ცხოვრებაზე არიან გაწბილებულნი.  რეალურად კი ერთიდაიგივეა. თუკი  სიტყვა-ცხოვრებას იმ მცდარი კუთხით განვიხილავთ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მაშინ ის კეთილდღეობა და მატერიალური კეთილდღეობა უფროა, ვიდრე ცხოვრება.
38. თუ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?
   -იქნებ შეგვიწიროს შეცდომამ, ან გამოსწორების შანსი არ მოგვეცეს. ერთი სიტყვით საკუთარ თავს, სახელს ვუფრთხილდებით.
39.რას გააკეთებდით თქვენს ცხოვრებაში სხვანაირად, თუ იცით, ამისათვის არავინ დაგსჯით?
-ის, რასაც ახლა ვაკეთებ სავსებით საკმარისია.
40. ბოლოს როდის მოისმინეთ საკუთარი გულის ცემა?
-ბოლო ორი წელია მესმის
41. რა გიყვარს უფრო მეტად? ის, რაც ბოლოს გააკეთე გამოხატავდა ამ სიყვარულს?
-არა. ვერასდროს ვაკეთებ იმას, რაც ბოლომდე გამოხატავს ჩემს გრძნობებს
42.გახსოვს რა გააკეთე გუშინ, გუშინწინ, იმ კვირას?
  -გუშინ და გუშინწინ საშინელებათა ფილმები გადმოვწერე ინტერნეტიდან  და  ვიმუშავე ბლოგზე. მთელი კვირის მანძილზე დავდიოდი სკოლაში, ვწერდი ყოველდღიურ გეგმებს და ვატარებდი გაკვეთილებსJ
43.შენ თავად ირებ გადაწყვეტილებებს, თუ სხვა ირებს შენს მაგივრად?

   -გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც გაცილებით სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებენ. ამ შემთხვევაში ვითხოვ რჩევას. ჩემს ნაცვლად კი გადაწყვეტილებას არავინ ირებს, რადგან ამის უფლება არავის აქვს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერტიფიკატები

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს.წარმატებები!

    ReplyDelete
  2. საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც ასევე აისახება მეტად საინტერესო ბლოგზე. კარგად ორგანიზებული თითოეული მათგანი.მუდამ დაგფასებოდეს შრომისმოყვარეობა და კარიერულ წინსვლას გისურვებ მუდამ!

    ReplyDelete

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)